საკითხავი მასალა


  1. ეფექტურად სწავლება სკოლაში
  2. ისტ-ის ინტეგრირება სასწავლო პროცესში
                                         გაკვეთილის ახსნა და განმარტება
                                                                                         
          მასწავლებლის მიერ გამოყენებული ახსნის ინსტრუქციული მეთოდი შესაძლებელია განვიხილოთ როგორც მთავარი ცენტრალური სასწავლო ინსტრუქცია. ახსნის მეთოდი არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერიოდებისათვის, ანუ, დამოკიდებულია იმაზე, თუ მასწავლებელი რამდენადაა დაინტერესებული, რომ მოსწავლეებმა მის მიერ ახსნილი მასალა დაიმახსოვრონ. ახსნის პროცესში აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი მეთოდები როგორიცაა თანამშრომლობითი სწავლება და დისკუსია. ასეთ შემთხვევებში მოსწავლეები ახსნილის შინაარს უფრო მეტი დროით იმახსოვრებენ.

            გაკვეთილის ახსნა იყოფა ორ ნაწილად:

1.    ფორმალური ანუ იერარქიული ახსნა. ამ შემთხვევაში მასწავლებელს თავისი ყურადღების ცენტრში აქვს მოქცეული ნებისმიერი დისკუსია და კამათი. ფორმალური ახსნა უფრო გავითარებადი და გრძელი პროცესია. ის გათვლილია იმ მოსწავლეებზე, რომელთაც ძალუძთ უფრო მეტი მოსმენა და ჩართულობა სასწავლო პროცეში. ასეთი სახის ახსნის პროცესი ნაკლებად რეკომენდირებულია ელემენტარულ სკოლაში. იერარქიულ პროცესში ინფორმაცია დანაწევრებულია სხვადასხვა ჯგუფებად და რამდენიმე ერთეულს მოიცავს.
2.      არაფორმალური, პრობლემაზე-ცენტრალიზებული ახსნა. ასეთი სახის ახსნის პროცესებს გაკვეთილზე დაახლოებით 5-10 წუთი უნდა დაეთმოს. მასწავლებელი იწყებს ახსნას პრობლემის გამოვლენით,შემდეგ კი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას. მომდევნო ეტაპი არგუმენტთა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაა. არაფორმალური ახსნის მეთოდი მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის უფრო მეტად მაკავშირებელია, ვიდრე ფორმალური მეთოდი, სადაც მასწავლებლის როლი ცენტრალიზებულია.
დისკუსია გახლავთ ახსნის ერთ-ერთი კომპონენტი, დისკუსია მიმდინარეობს მასწავლებელ-მოსწავლეს ან მხოლოდ მოსწავლეებს შორის. დისკუსია მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, რომ მათ უფრო ღრმად ჩაიხედონ სასწავლო თემაში და საკუთარი იდეები წარმოაჩინონ გაკვეთილის გარშემო. რაც უფრო მეტად არიან მოსწავლეები ჩართულნი დისკუსიებში, მით უფრო ეფექტურია ცოდნის ათვისება მათ მიერ. დისკუსიები ეხმარება ნაკლებად-წარმატებულ და ინერტულ მოსწავლეებს, უფრო აქტიურებად ჩამოყალიბების პროცესებში.
გაკვეთილის ახსნის პროცედურა მეტად „მოსაწყენი“ და „მომაბეზრებელია“. მასწავლებელი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ კლასი ჩართოს ახსნის საინტერესო პროცესებში. თუ პედაგოგი შეამჩნევს, რომ კლასი დაიღალა და ინერტულია, მან უნდა შეძლოს სიტუაციის გამოსწორება სხვადასხვა მეთოდებით. ეს იქნება კორექტული კითხვების დასმა თუ სხვა რაიმე მეთოდი. მასწავლებელი უნდა შეეცადოს კლასის „გამოფხიზლებას“ და მან არ უნდა გააგრძელოს გაკვეთლის ახსნა იმ შემთხვევაში, თუ კლასი არ უსმენს მას.
 გაკვეთილის ახსნის პროცესში კარგია თუ მასწავლებელი გაითვალისწინებს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვემოთაა შემოთავაზებული.

1.      კავშირის შექმნა მოსწავლეებთან. დასაწყისში მასწავლებელმა უნდა შეძლოს მონახაზის გაკეთება გეგმის სახით, რომელიც კლასს წინასწარ განაწყობს ახალი მასალისადმი.
2.    გაკვეთილის მომზადება. მასწავლებელმა მოამზადოს აქტიური მასალა, რომელიც ინტერესის აღმძვრელი იქნება მოსწავლეებისათვის. მასალა არ უნდა იყოს ზედმეტი და არც მცირეოდენი. ის უნდა იყოს იმდენი, რამდენიც მოცემულ მომენტში კლასს სჭირდება.
3.      გაკვეთილის ახსნის პერიოდის კონტროლირება. მცირე ახსნა მხოლოდ ელემენტარული სკოლებისთვისაა მიზანშეწონილი. საშუალო სკოლაში ახსნის პერიოდი უფრო მეტ დროს უნდა მოიცავდეს.
4.      მოსმენისადმი მოსწავლეების მოტივირება. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თუ რომელ კლასში და რა ასაკის მოსწავლეებთან უხდება მუშაობა. გაკვეთილი გახდება უფრო მეტად საინტერესო თუ მასწავლებელი გამოიყენებს სხვადასხვა დამხმარე მეთოდებს როგორიცაა მედია-საშუალებები, თვალსაჩინოება, ჟურნალები.
5.      თანმიმდევრობისა და სტრუქტურის დაცვა. არათანმიმდევრულობა ახსნის პროცესში გაკვეთილს მოსაწყენს და მოსაბეზრებელს ხდის. ფაქტების თანმიმდევრულობა და ლოგიკური დასკვნების პროცედურები მოსწავლეს ჩართულს ხდის სასწავლო გარემოში. გაკვეთილის ახსნა უნდა წარმიმართოს კრიტიკული აზროვნების ხერხების გამოყენებით.
6.      გრაფიკული გეგმის შედგენა. გრაფიკული გეგმა მასწავლებელს უკეთ ახედებს გაკვეთილის ახსნის პროცესებში. ეს არის ერთგვარი ტექნიკა, რომელსაც პედაგოგი გაკვეთლის მსვლელობისას ხმარობს.
7.    გაურკვევლობის თავიდან აცილება. გაკვეთლის ახსნა, რომელიც მარტივია თავისი ენით, მოსწავლეებს მეტად  უადვილებს  გაგებას. მასწავლებელმა ნათლად და მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მასალა, უნდა გააკეთოს ისეთი ხერხით, რომ თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი არაფრისმომტანი კითხვები. ახსნის პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას მაგალითები, კონცეფციები. ამასთანავე, პედაგოგმა უნდა ისაუბროს არა ჟარგონული, მარტივი ენით, რომელიც კლასისათვის გასაგები იქნება.
8.    ინსტრუქციონალური მაასალებისა და სტრატეგიების კომბინირება. სხვადასხვა აუდიო თუ ვიდეო მასალების გამოყენება მოსწავლეებს უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს. მასწავლებელი თუ გამოიყენებს თანამშრომლობითი სწავლების სხვადასხა ფორმებს, ეს რა თქმა უნდა კლასს სრულად ჩართავს შემეცნებით პროცესებში. კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციისათვის გამოყენება (Power Point) მოსწავლეებს ვიზუალუტ ინტერესს უღვიძებს.
9.      შენიშვნების ჩაწერა. თუ მასწავლებელი წაახალისებს მოსწავლეებს, რომ ჩაინიშნონ თავიანთი შეცდომები, ეს მხოლოდ მათი სწავლების ნაყოფიერების ზრდას შეუწყობს ხელს. კვლევებმა გამოავლინა, რომ „შენიშვნების ჩამნიშნავი“ მოსწავლეები უფრო მეტად ყურადღებიანები და გულისხმიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ამას არაფრად აგდებს. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს მეთოდი და ყველანაირად ეცადოს მოსწავლეთა ჩართულობას ამ პროცესში.
10.  შეჯამება. გაკვეთილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინაარსობრივი დასასრული, რაც გულისხმობს ლოგიკურ დასკვნას. საუკეთესო დასკვნა ვლინდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები თავად წარმოადგენენ გაკვეთილის პრეზენტაციას და თავადვე ხედავენ თუ როგორ იქნა ათვისებული ახალი მასალა. ლოგიკური დასკვნის დასრულების შემდეგ მასწავლებელმა უნდა მისცეს კლასს საშინაო დავალება და ამასთანავე შექმნას“უხილავი ჯაჭვი“, რომელიც წინა გაკვეთილს მომდევნოსთან დააკავშირებს.  


                            პრობლემათა გადაჭრა და ექსპერიმენტალური სწავლება

          პრობლემათა გადაჭრის მეთოდს, ბევრი მკვლევარი პირველ ადგილას აყენებს. მეოცე საუკუნეში ინსტრუქციონალლური სტრატეგებიდან ეს ყველაზე უფრო მეტად ორიენტირებულია მოსწავლეებზე და მას მოსწავლეზე ორიენტირებულ მეთოდადაც მოიხსენიებენ.

            ჯ.დიუის რეფლექტური აზროვნების მოდელი უშუალოდ იყო დაკავშრებული პრობლემათა გადაჭრის მეთოდთან. სწორედ დიუის ამ სტრატეგიის წყალობით ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაში 1910-1950 წლებში ჩამოყალიბდა ლიბერალური ღირებულებანი. ჯ.დიუის რეფლექტური აზროვნების სისტემა მოიცავს ხუთ საფეხურს: 1) სიძნელის გაცნობიერება; 2) პრობლემის ამოცნობა; 3) ინფორმაციისა და ჰიპოთეზების მოძიება და შეჯამება; 4) ექსპერიმენტალური ჰიპოთეზების მიღება ან უარყოფა; 5) დასკვნის ფორმულირება და შეფასება.

          დიუის მეთოდი დაფუძნებულია როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ დიუის რეფლექტური აზროვნების მოდელი შემუშავდა ერთი საუკუნის წინ, ის საფუძვლად უდევს თანამედროვე პრობლემათა გადაჭრის მეთოდებს. ის აქტიური სწავლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის, თუ როგორ უნდა შქმნან საკუთარი კონცეფცია, როგორ უნდა იაზროვნონ კრიტიკულად და დაიცვან საკუთარი პრინციპები.

            გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელმა უნდა დაიცვას ბალანსი ახსნილ მასალასა და მოსწავლეთა მიერ წამოყენებულ კონცეფციებს შორის. ამასთანავე გამოყენებულ უნდა იქნას კროტიკული აზროვნების ელემენტები, რაც ხელს შეუწყობს აზროვნების დახვეწას.


                              მოსწავლეები როგორც „პრობლემის გადამჭრელნი“

            გაკვეთილზე მოსწავლეებს აუცილებლად ესაჭიროებათ გარკვეული ინფორმაცია, რომ სწორად აღიქვან სიტუაცია და  მოახდინონ დასმული პრობლემის გადაჭრა. აქ სტრატეგიები დამოკიდებულია მოსწავლეთა ასაკსა და სპეციფიკურ პრობლემებთან. ყველა წარმატებული მოსწავლე ვერ გამოიყენებს ერთსა და იმავე სტრატეგიას ერთი და იგივე პრობლემის გადაჭრისას.  
  საინტერესოა, რომ ელემენტარული მათემატიკური სავარჯოშოების შესრულებისას ყველა მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს. მაგ: თუ ნინოს აქვს 6 ბურთულა და გიორგის 8, რამდენი ექნებათ მათ ერთად? აქ საინტერესოა, რომ ყველა მოსწავლე იყენებს იმ სტრატეგიას, რომელიც მას უადვილებს არსებული ამოცანის შესრულებას. 6+6=12  არის თორმეტი, ხოლო 2-ს თუ დავუმატებთ უკვე 14-ია. ზოგიერთი მოსწავლე 6-ს ავსებს ათამდე, ანუ 6+4=10, ხოლო 10+4=14. რა თქმა უნდა ეს ყველა მართებული სტრატეგიებია, უბრალოდ თოთოეული მოსწავლე უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც თავად უადვილდება.
  რაც უფრო აბსტრაქტული ხდება პრობლემა, ასევე აბსტრაქტირდება მისი გადაჭრა. მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ ერთი სტრატეგიის გამოყენებას ამჯობინებს, მოსწავლეს სჯის საკითხის მრავალწახნაგად დაყენების გამო. ეს რა თქმა უნდა ყოველმხრივ მიუღებელია. მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის აზრი, შეხედულება, მოუსმინოს მას გულისხმიერად.

            მოსწავლის წარმატება დამოკიდებულია შემდეგ ეტაპებზე:

1.      პრობლემის გაგება;  წარმატებული მოსწავლეეები ყოველთვის ღრმად იხედებიან პრობლემებში და ახდენენ ფაქტების აბსტრაქტირებას, რათა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
2.      დაგროვილი ცოდნის გამოყენება; წარმატებული მოსწავლეები ყოველთვის იყენებენ იმ ცოდნას, რომელიც მათ გარკვეული დროის მანძილზე ჩამოუყალიბდათ. ასეთმა მოსწავლეებმა იციან თუ „საიდან“ და „როგორ“ უნდა დაიწყონ პრობლემის გადაჭრა.
3.      პრობლემის გადაჭრის აქტიური ქცევის გამოყენება; წარმატებული მოსწავლეები აქტიურები და მიზანდასახულები არიან. პრობლემას ისინი განიხილავენ და შლიან ცალკეულ ნაწილებად.
4.      თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის გამოვლენა; წარმატებული მოსწავლეები პრობლემის გადაჭრას უყურებენ როგორც ერთგვარ გამოწვევას.

 ექსპერიმენტალურ და გამოცდილებით დაგროვილ ცოდნაში მეცნიერები გუდი და გროული გამოყოფენ ხუთ სასწავლო სტრატეგიას, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება სწავლება-სწავლის პროცესში.

1.            გულისხმიერება როგორც წარმატების გარანტი; პრობლემის გადაჭრა გარკვეულწილად დაკავშირებულია იმ ცოდნის გამოყენებაზე, რომელიც დროის მანძილზე იქნა დაგროვილი. მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ ამ ცოდნის რეალიზაცია მოსწავლეებში, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ღრმა წვდომა პრობლემის არსში.
2.            გულისხმიერება კავშირების მიმართ; მოსწავლეებმა უნდა შეიცნონ იდეების არსი, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია. მასწავლებელმა უნდა გააკეთს აქცენტი იდეების მნიშვნელობასა და ინტერპრეტაციაზე, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს პრობლემის შეცნობის არსში.
3.            გულისხმიერება წარმოსახვის მიმართ; რაც უფრო მეტად შეიცნობს მოსწავლე პრობლემის შინაარსს, მით უფრო მეტად მოახდენს იგი მის გადაჭრას.
4.            კონცეფციების განზოგადება; მასწავლებელმა განზოგადების გზით უნდა გამოავლინოს იდეების ვარგისიანობა, მოსწავლე უნდა დახელოვნდეს პრაქტიკაში, სხვადასხვა პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ სწორ ქმედებებში.
5.            მარტივი სასაუბრო ენის დემონსტრირება; მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მარტივი ენა და ტერმინოლოგია, რათა მოსწავლეებმა შეძლონ საგნის ათვისება. ამასთანავე მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ საგნის მთავარი საბაზისო ტერმინები და კონცეფციები.

 ეს ინსტრუქციონალური სტრატეგია მოითხოვს პრობლემათა გადაჭრის გზების ცოდნას და მათში დახელოვნებას. მასწავლებლები ფიქრობენ, რომ მათი მოსწავლეები დახელოვნდნენ ამა თუ იმ სტრატეგიის, მეთოდის გამოყენებაში, მაგრამ როგორც კვლევებმა აჩვენა, უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეებს „ავიწყდებათ“ ესა თუ ის „კარგად ნასწავლი“ მეთოდი და რეალურად სულაც არ იყენებენ მას. მოსწავლემ თავისით უნდა შეძლოს პრობლემის არსში წვდომა. რა თქმა უნდა მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს პრობლემის გადაჭრაში. ამით პედაგოგი მიმართავს ექსპერიმენტალურ მეთოდებს, რომლებიც მოიცავენ რეფლექტურ პროცესებსა და აქტივობებს. აქ დაწესებულ უნდა იქნას ნორმა, რომელიც შექმნილია კლასში და ცოდნაზეა დაფუძნებული.
                                  
გამოყენებული ლიტერატურა:


  1. Strategies for Effective Teaching; Allan C. Ornstein; Thomas J. Lasley, 2004. McGraw-Hill, Boston.
  2. Methods of Teaching; Preston D.Feden; Robert M. Vogel; 2003; McGraw-Hill Book Company.
  3. Active Learning; Mel Silberman; 1996; Allyn and Bacon.
  4. Effective Leadership for Effective Schools; John.W. Ann and John N. Mangieri; 1988; NASSP Bulletin.
  5. Life in Schools; Peter McLaren; 2003; Allyn and Bacon.
  6. Aids to Lecture Learning; Kenneth A. Kiewa; 1991;Educational Psychology.
 ონ-ლაინ რესურსები:




სასწავლო პროექტი - კომპეტენციების განვითარების საშუალება
ნებისმიერი პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი
პავლე თვალიაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ავტორი და კოორდინატორი

მასალა დაეხმარება დამწყებ პედაგოგებს გაერკვნენ სასწავლო პროექტების არსში, დაანახებს მათ, რომ სასწავლო პროექტები შესრულებადია, თუ მას გეგმაზომიერად განავითარებენ, განსაზღვრავენ მიღწევად მიზნებს და ამ სფეროში საქმინობას დაიწყებენ მარტივი პროექტებით, რომელთა განხორციელებისთვისაც მცირე დრო, ნაკლები მომზადება და სკოლაში უკვე არსებული რესურსები (თვალსაჩინოება, ტექნიკა, მასალები, სივრცე...) საკმარისია.
სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან შეხვედრისას ხშირად განგვიხილავს სასწავლო პროექტების განხორციელების გამოცდილება. ბოლო პერიოდში იმატა სკოლების რაოდენობამ, სადაც პედაგოგებს გაუჩნდათ მოტივაცია (არა მხოლოდ ფინანსური) და მოსწავლეებთან მუშაობისას წარმატებით იყენებენ სწავლების ამ ინსტრუმენტს.
მასწავლებლებისთვის არაერთხელ დამისვამს კითხვა, რას ნიშნავს პედაგოგებისა და მოსწავლეების სასწავლო პროექტებში ჩართულობა? რა საქმიანობა აღწერს მოსწავლისა და მასწავლებელის ჩართულობას სასწავლო პროექტში? პასუხები არაერთგვაროვანი იყო:
გთავაზობთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის პასუხს, სადაც მან აღწერა მის  მიერ ინიცირებული გრძელვადიანი პროექტის მიმდინარეობა:
სკოლაში ვერავინ ავიყოლიე რომ დამეხმაროს :(  ყველასმოცლილივეგონე მაშინ როცა ვთხოვდი რომ ჩართულიყვნენ ამ პროექტში, ახლა კი იმის დროც აღარ მაქვს რომ ვინმეს პროექტრში ჩართვა ვთხოვო, ვინაიდან სწავლა დავიწყე (მაგისტრატურაში), მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ამ პროექტს მაინც გავიტან ბოლომდე და დავაინტერესებ ვინმეს მაინც :)
დ.ლ.
ორიოდე წლის წინ შეხვედრების დროს რამდენიმე ათეულმა პედაგოგმა განმიცხადა, რომ მიუხედავად სახელმძღვანელოებში არსებული მითითებისა, პროექტებს იმიტომ არ იყენებენ  პროექტს სასწავლო პროცესში, რომ კარგად არ ესმით მისი არსი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ საქართველოში სპეციალურად შერჩეული მენტორების  გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი ვერ ერკვევიან პროექტის, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის არსში. არ აკეთებენ ან, თუ ფიქრობენ რომ აკეთებენ, არასწორი წარმოდგენა აქვთ პროექტზე. გამოკითხული იყო 30-მდე მენტორი (გამოცდილი მასწავლებელი, რომელმაც ერთწლიანი ხელმძღვანელობა უნდა გაუწიოს მასწავლებლობის მსურველს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს).
პედაგოგიური მიმართულების ფაკულტეტების 20-მდე  მე-2-მე-4 კურსელთან ჩატარებულმა არაფორმალურმა ინტერვიუებმა და ლექციების კურსმა აჩვენა, რომ მომავალი პედაგოგებიც არ არიან მზად პროექტების განსახორციელებლად.
ტრენინგებმა, რომლებშიც სხვადასხვა გამოცდილების პედაგოგები იყვნენე ჩართულები კი გვიჩვენა, რომ პედაგოგები სიამოვნებით ეცნობიან სასწავლო პროექტის დაგეგმვისა და მართვის პრინციპებს. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ პროექტების შექმნა და განხორციელება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობისა და გამოცდილების პირობებში. გვირჩევენ, რომ პროექტი არ უნდა იქცეს გრძელვადიან მონოტონურ, მომქანცველ საქმიანობად.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი, ისევე როგროც  ნებისმიერი სასწავლო აქტივობა მრავაფეროვნად შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ჩნდება აზრი, რომ არ არსებობს ერთიანი მიდგომა პროექტების მიმართ.
რიგ შემთხვევაში პედაგოგების მიერ პროექტი განხილულია, როგორც ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება, რიგ შემთხვევაში, როგორც თემის დაწერა, ზოგჯერ-როგორც ღონისძიების ჩატარება.
ცალკეულ შემთხვევებში პედაგოგები მშვენივრად ართმევენ თავს ეფექტურად შეაზავონ ის კომპონენტები, რომელთა გარეშეც საქმიანობათა ერთობლიობას ვერ უწოდებ პროექტს. ამის მაგალითები მრავლად შეიძლება ნახოთ განათლებისა და მეცნიერების სამიანისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.
სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიცზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს გააჩნია რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროექტის აღწერაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პროექტის გამოყენება პედაგოგების მიერ უნდა ხდებოდეს მიღწეული შედეგების გასააზრებლად: ყველა ეტაპზე მიმდინარე და  შემაჯამებელი, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისას.
ძნელია ნახო კონკრეტული განსაზღვრება სასწავლო პროექტის, თუმცა ყველაზე ახლოს სასწავლო პროექტთან ე.წ. განვითარების პროექტის განმარტებაა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი გარკევულ დროში განსაზღვრული რესურსებით კონკრეტული საქმიანობებით გეგმავს არსებული მდგომარეობის შეცვლას სასურველი სიტუაციით.
აუცილებელი კომპონენტები თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის:
  • იდეა/პრობლემა/მიზანი
  •  საქმიანობათა ერთობლიობა
  • განმხორციელებელთა ჯგუფი/გუნდი
  • რესურსები/ბიუჯეტი
  • დაწყების და დამთავრების დრო 
სასწავლო პროექტის 4 ეტაპი შეიძლება განვიხილოთ:
1.      იდეის ჩამოყალიბება (დაგეგმვა)
2.      მომზადება
3.      განხორციელება
4.  შედეგების წარდგენა

ამას მოჰყვება ახალი იდეის ჩამოყალიბება და პროექტების კეთება ციკლურ ბუნებას ღებულობს.


წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მართვის მხრივ სასწავლო პროექტების რამდენიმე ფორმა არსებობს:
1. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს და აანალიზებს ინდივიდუალურად. მოსწავლეები ერთვებიან მხოლოდ ჩატარების პროცესში, როგორც შემსრულებლები.
2. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს, ატარებს და აანალიზებს, მოსწავლეები თანამონაწილეობით სრულდება სხვადასხვა ეტაპები.
3. მოსწავლეები აყალიბებენ იდეას, გეგმავენ, ამზადებენ, ატარებენ და აანალიზებენ. მასწავლებელი მონიტორინგს ახორციელებს და შეფასებების გადამოწმებას ახდენს.

ამ დონეებს შორის საზღვარი ნათელი და მკაცრი არ არის, შესაძლოა გარკვეულ ფორმებს შორისაც მოხდეს გარკვეული დონეების გამოკვეთა, როდესაც მოსწავლეებსა და პედაგოგს შორის ხდება პასუხისმგებლობების გადანაწილება.
სასწავლო პროექტად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ღონისძიება, თუ:
  •    ის ემსახურება კონკრეტული მიზნის მიღწევას (პრობლემის მოგვარებას);
  •  მასში (დაგეგმვა-მომზადება-განხორციელება-გააზრება) ჩართულნი არიან ის ადამიანები (მოსწავლეები) ვინც უნდა ისწავლოს; ჩართულ პირებს შორის განაწილებულია საქმიანობები და პასუხისმგებლობები;
  •   მას აქვს განსაზღვრული (წინასწარ დაგეგმილი ან სავარაუდო) ვადები;
  • არსებობს საქმიანობების ჩამონათვალის გაწერა დროის მიხედვით (სამოქმედო გეგმა);
  • სამქმიანობების მიხევით გაწერილია საჭირო რესურსები (შედგენილია ბიუჯეტი);


განვიხილოთ ერთი მაგალითი და ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს საქმიანობა ვაქციოთ პროექტად.
მოყვანილი მაგალითი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩარჩოდ, შეცვალოთ და გააუმჯობესოთ.
თავიდან არის მხოლოდ იდეა - კედლის გაზეთის გამოშვება გარკვეულ თემაზე.
დაგეგმილია, რომ მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა უნდა შექმნან კედლის გაზეთი, ეს მრავალი სკოლისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა, რომელიც არაერთ პედაგოგსა და მოსწავლეს განუხორციელებია.
წარმოვიდგინოთ პედაგოგი, რომელიც პირველი დონის პროექტს გეგმავს მოსწავლეებისთვის.
რა არის საჭირო იმისთვის რომ ეს საქმიანობა პროექტად იქცეს?
განვიხილოთ ნაბიჯ-ნაბიჯ:
  ·  დაუსვით საკუთარ თავს კითხვა. რა არის კედლის გაზეთის შექმნის მიზანი? ჩაიწერეთ შედეგები, რომლებიც გინდათ მიიღოთ მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ გაზეთზე მუშაობას. აღმოაჩენთ რომ საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება იყოს მასწავლებლის მიზანი, მაგ.: მოსწავლეებს შეძლებენ დაწერონ კედლის გაზეთისთვის ესე; მოსწავლეებს ეცოდინებათ რა განსხვავებაა ხმაურსა და მუსიკას შორის; მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი მეტი შეისწავლონ მინერალების შესახებ; ან მოსწავლეებს ეცოდინებათ ცვლადი დენი და მასთან დაკავშირებული მოვლენები და სხვ...)
  •    მიზნიდან გამომდინარე  განსაზღვრეთ ის საქმიანობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ მოსწავლეებს
  •  თითოეული საქმიანობისთვის განსაზღვრეთ დაწყებისა და დასრულების სავარაუდო დრო.
  •      საქმიანობის წარმატები განხორციელება შესაბამისი რესურსების გარეშე შეუძლებელია. დაწერეთ, რა რესურსები გჭირდებათ, არ დაივიწყოთ ადამიანური რესურსები. რა როლი აქვთ მათ პროექტში, როგორია მათი პასუხისმგებლობა?
  •   მას შემდეგ, რაც შეიმუშავებთ პროექტს, მიეცით მოსწავლეებს დავალებები და  დრო ამ დავალების შესასრულებლად, შეეცადეთ უზრუნველყოთ ისინი შესაბამისი რესურსებით (წიგნები, ჟურნალები, საინტერესო ადამიანების ტელეფონის ნომრები; ფლომასტერები, ფოტოები, ფურცლები...)
  •  განხორციელებული საქმიანობის აღიარება სასკოლო საზოგადოების მიერ მნიშვნელოვანია. მოიწვიეთ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალების (კედლის გაზეთის) პრეზენტაციაზე.
  • პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ რა გამოვიდა კარგად და რისი გაუმჯობესება შეიძლება მომავლისათვის.
ამ საქმიანობათა შედეგად, პროექტი ”კედლის გაზეთი” წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება.
მართვის შემდეგ დონეებზე პედაგოგის ჩარევა მცირდება და იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა ყველა ეტაპზე.
უნდა ავღნიშნოთ, რომ დროთა განმავლობაში სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს უნვითარებსევროკავშირის მიერ აღიარებულ საკვანძო კომპეტენციებსადა მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისთვის საჭირო უნარჩვევებს. გთავაზობთ ამ კომპეტენციათა ჩამონათვალს:


  • ·         მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია;
  • ·         უცხო ენაზე კომუნიკაცია;
  • ·  მათემატიკური კომპეტენცია და საბაზისო კომპეტენციები მეცნირებასა და ტექნოლოგიაში;
  • ·         ციფრული კომპეტენცია;
  • ·         დამოუკიდებლად სწავლის უნარი;
  • ·  პიროვნებათაშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური კომპეტენციები და    მოქალაქეობრივი კომპეტენცია;
  • ·         მეწარმეობა;
  • ·         კულტურული გამომხატველობა
წლებია პროექტის ციკლის მართვის ტრენინგებს ვატარებ განვითარებული და დამწყები ორგანიზაციებისთვის, გარდა ამისა კონსულტაციებს ვუწევ სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს, როგორ აკეთონ საგანმანათლებლო პროექტები. მიდგომა, რომელიც ყველაზე მეტად ამართლებს პედაგოგებისთვის და განათლების მუშაკთათვის, ასეთია:
როცა მაგალითები ხელმისაწვდომია, გაეცანით მათ.
·    სხვის მიერ ცუდად შესრულებული ნამუშევარი კარგია იმიტომ, რომ შეგიძლია შეაფასო და თქვა: ”მე უკეთ შემიძლია გავაკეთო” (მაგრამ არა მხოლოდ უნდა თქვა, უნდა გააკეთო კიდეც);
·         შენნაირად გაკეთებული ნამუშევარი გაძლევს საშუალებას რომ მიხვდე, შენ მარტო არ ხარ!
·        სხვის მიერ კარგად შესრულებული ნამუშევარი კარგია იმიტომ, რომ იცი რა უნდა გააუმჯობესო შენს საქმიანობაში.
როდესაც მაგალითები ხელმისაწვდომი არაა (მაგალითად ინტერნეტ-კავშირის არ არსებობის ან ლიტერატურის ხელმიუწვდომლობის გამო), უნდა აკეთოთ საქმე და მაგალითი მისცეთ სხვებს, ამასთან გაანალიზოთ საკუთარი საქმიანობა.

1 comment:

  1. კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.

    ReplyDelete